ხმაური პარლამენტში - ზარქუამ გიორგი ვაშაძე პოპულიზმში დაადანაშაულა

21.06.21 17:23
ხმაური პარლამენტში - ზარქუამ გიორგი ვაშაძე პოპულიზმში დაადანაშაულა

კამათი და დაპირისპირება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - ერთმანეთს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა დაუპირისპირდნენ.  მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციონერი ლიდერის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ პენსიებს „ლიბერთი ბანკის“ გარდა სხვა ბანკებიც გასცემენ, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს. 

ზარქუამ გიორგი ვაშაძე პოპულისტურ განცხადებასა და ტყუილში დაადანაშაულა.

არ ვიტყვი, რომ პოპულიზმია, არც იმაში შევალ, რომ იაფფასიანი მცდელობაა რაღაცა. არა, ეს ჩემი თემა არ არის. ეს თქვენ უნდა განსაჯოთ. ერთი ბანკი დამისახელოს, ვინც პენსიონერების შემოსავლის საფუძველზე 15 %... ახლავე ავდგები აქედან მე და თქვენ, მივალთ მთავრობასთან, ჩემი ხელით დავახევინებ, ან გადმოვალ ოპოზიციაში, - განაცხადა ზარქუამ. 

სხდომაზე გიორგი ვაშაძემ „ლიბერთი ბანკის“ მფლობელის ფოტო მიიტანა და ის „პენსიონერების მძარცველად“ მოიხსენია.  

ეს ადამიანი არ არის ბანკირი, ეს არის ჩვეულებრივი მძარცველი, რომელიც არის „ლიბერთი ბანკის“ მეპატრონე. მას ექსკლუზიურად მისცა სახელმწიფომ პენსიონირების ძარცვის უფლება. წელიწადში მიაქვს ასი მილიონი ლარი პენსიონერების ჯიბიდან. იმ ვითომ და არგუმენტით, რომ შორ ტერიტორიაზე ვინ მიიტანსო პენსიას, მათაც აიძულებენ, რომ „ლიბერთი ბანკში“ ჩაერიცხოთ პენსია და მიიღონ, -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა ის პენსიონერები და შშმ პირები მიიყვანა, რომლებიც მომხრეები არიან, რომ პენსია სხვა ბანკებში აიღონ. 

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ახალ ინიციატივით გამოდის. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პენსიონერებს პენსია მათთვის სასურველ ბანკში უნდა ერიცხებოდეს და ამ თვალსაზირისით, მონოპოლია „ლიბერთი ბანკს“ არ უნდა ჰქონდეს აღებული.