ქართველმა ხალხმა პირველ რაუნდში 1:0 დაამარცხა "ოცნება", ახლა, არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ და საბოლოო გამარჯვებას ჩავუყაროთ საფუძველი - ვაშაძე
"ქართული ოცნებისთვის" ევროპული ცივილიზაცია პრობლემურია, ჩვენთვის ევროკავშირი არის მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძემ ევროპულ დროშების დაწვის კამპანიაზე, ვენეციის კომისიის უმწვავეს დასკვნაზე, სასამართლო რეფორმასა და მომავალ გადამწყვეტ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით "ოცნებას" პირველი რაუნდი 1:0-ით მოუგო, ხოლო ახლა დროა, საზოგადოება 2024 წლის არჩევნებისთვის გაერთიანდეს და ერთად დაასრულონ რუსული რეჟიმი ქვეყანაში.
ვაშაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და სტრატეგია აღმაშენებელი შემოივლის ყველა რაიონს და რუსულ დეზინფორმაციას, რასაც მისი განცხადებით "ქართული ოცნება" ავრცელებს, გასაქანი ქვეყანაში არ ექნება.
მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დიდ წარმატებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ. ეს არის ხალხის გამარჯვება და დავდივართ მთელ საქართველოში. ახლა ვიმყოფებით ბათუმში და მთელი საქართველო, ვისაც ვხვდებით, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ქართველების გულში. ყველას უხარია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და წარმოიშვა რეალური შესაძლებლობა, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამასობაში, როცა ამ გამარჯვებას მართლაც ზეიმობს ხალხი, "ქართულმა ოცნებამ" სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, ანტიევროპული კამპანია ჩართო. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მათი პროპაგანდისტების მხრიდან, რომ ევროკავშირი და ევროპა პრობლემური ცივილიზაცია ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი წვავენ ევროკავშირის დროშებს.
"ქართული ოცნებისთვის" ევროპული ცივილიზაცია პრობლემურია, ჩვენთვის ევროკავშირი არის მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ისინი წვავენ ევროპულ დროშებს, ჩვენ კი ევროკავშირის დროშა უნდა აღვმართოთ ყველგან და რაც მთავარია ბრიუსელში უნდა აღვმართოთ საქართველოს დროშა სხვა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ისინი ცდილობენ, რომ დაგვაპირისპირონ და გადაგვკიდონ ერთმანეთს. ჩვენ უნდა ეროვნულ ამოცანად დავისახოთ ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება და რაც მთავარია, გავერთიანდეთ. არაფერი დასაპირისპირებელი ჩვენ არ გვაქვს. ისინი ცდილობენ, რუსული მეთოდებით, დეზინფორმაციით მართონ ქვეყანა, ჩვენ კი სიმართლე უნდა ვისაუბროთ და გავიმარჯვოთ. ამიტომ ვართ ახლა საქართველოში, მთელ საქართველოში დავდივართ სწორედ ამ მიზნით. მეგობრებო, არ ეშველება "ქართულ ოცნებას", არ ეშველებათ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს გვიმტკიცებენ, რომ ევროკავშირზე უკეთესად იციან, რა არის სასამართლო რეფორმა.
მიქანაძე და კობახიძე უფრო მაგარი ყოფილა თურმე, სასამართლო, საარჩევნო და ანტიკორუფციულ რეფორმებში, ვიდრე ვენეციის კომისია და ევროპელი სპეციალისტები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, ამიტომ არის, რომ უნდა დავდგეთ ყველანი ერთად, გავიმარჯვოთ 2024 წლის არჩევნებში. სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ან ახლა, ან არასდროს.
ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოიგო 1:0. დაამარცხა "ქართული ოცნება" და მივაღწიეთ საწადელს, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ახლა, მომავალ წელს უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში და საბოლოო გამარჯვებას ჩავუყაროთ საფუძველი. ყველაზე გვიან 4 წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მთელი ევროპა, მთელი ამერიკა ჩვენ გვერდით არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არაფერი დასაპირისპირებელი არ გვაქვს. ერთმუშტად უნდა შევიკრათ და ერთად უნდა გავერთიანდეთ.
თუ ვინმეა რადიკალური ამ ქვეყანაში, "ქართული ოცნებაა" რადიკალური. სწორედ რადიკალური "ქართული ოცნება" არ გვაძლევს გასაქანს, რომ წინ წავიდეთ. წინ რეფორმებისკენ, მთელი საქართველო ერთად. შემოვივლით ყველა რაიონს და არცერთ შემთხვევაში ამ რუსულ დეზინფორმაციას, რასაც "ქართული ოცნება" ავრცელებს, არ ექნება გასაქანი ქვეყანაში. წინ დაჩქარებული წესით ევროკავშირისკენ, ეს არის ჩვენი გზავნილი ბათუმიდან", - აღნიშნა ვაშაძემ.