მთავრობის საეჭვო განკარგულებები - ოპოზიცია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებზე საუბრობს
მთავრობის საეჭვო განკარგულებები - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამ განკარგულებებში იმალება მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებები და დოკუმენტების გასაიდუმლოებაც ამას უკავშირდება.
"ლელოს" დეპუტატი თბილისის საკრებულოში საბა ბუაძე თვლის, რომ განკარგულებების დამალვა გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
შემთხვევითი არ არის ის, რომ ღარიბაშვილი უკვე 2 წელზე მეტია მალავს მთავრობის განკარგულებებს. ამ მთავრობის განკარგულებებში იმალება პირდაპირ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლითაც „ქართული ოცნება“, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები სახელმწიფოს და ხალხის საკუთრებაში არსებულ ქონებას გადასცემს მათთან დაახლოებულ პირებს.
ამ განკარგულებების დამალვა იქნება ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ძალიან მოცულობით სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ დანაშაულების ირგვლივ აუცილებლად აღიძრება,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრები და მათთან დაახლოებული პირები სახელმწიფო ქონებით სარგებლობენ და ოპოზიციური პარტიის წევრი დოკუმენტების გასაიდუმლოებას სწორედ ამას უკავშირებს.
ის ქონება, რომელიც გადაეცემა „ქართული ოცნების“, „ქართულ ოცნებაში“ მყოფი და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ადამიანებს, იქნება ეს ჩხარტიშვილი, ეს იქნება ნამორაძე, ენუქიძე თუ ა.შ. ძალიან ბევრი ადამიანი არის ქართულ ოცნებაში, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონებით და ზუსტად მაგიტომ არ საჯაროვდება, რომ არ გახდეს ეს ხალხისთვის ცნობილი, ჩუმად უნდათ რომ მოიპარონ სახელმწიფო ქონება,“ - განაცხადა დონაძემ.
დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. ერთ-ერთი კომპანია კი, რომელსაც 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს “სომგოს კომპანიაა”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.