რატომ მალავენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოები? - ჯანეზაშვილის "მოულოდნელი" ჩართვა სასამართლოების შიდა შეხვედრაზე
რატომ მალავენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოები? - ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცა ნაზი ჯანეზაშვილს, "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელს მას შემდეგ, რაც ის მოულოდნელად აღმოჩნდა სასამართლოების შიდა სამუშაო ონლაინ შეხვედრაზე.
ნაზი ჯანეზაშვილმა მას შემდეგ, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან მიიღო მიწვევა, რომ ჩართულიყო ონლაინ შეხვედრაში, აღმოაჩინა, რომ მისი ორგანიზაცია შიდა სასამართლო ჩატში სრულიად შემთხვევით, ტექნიკური შეცდომის გამო აღმოჩნდა. ჯანეზაშვილმა სასამართლოების წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენა, რომ ამ საუბარს იწერდა.
თუმცა, ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლოების წარმომადგენლებს იმ მთავარ პრობლემის შესახებ მიმართა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ინსტანციასთან ურთიერთობის დროს აწყდებიან - მთავარი კი საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობაა.
ჩვენთან შემოვიდა იმეილი სასამართლოსგან, რომ ეს შეხვედრა ტარდებოდა. ვიფიქრეთ რომ ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამართული შეხვედრა სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებზე.
შესაძლებლობას გამოვიყენებ - ჩვენ ვითხოვთ სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლოებისგან სხვადასხვა საკითხზე და სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას არ გვაწვდით ხოლმე და თუ შესაძლებელია, რადგან ყველა სასამართლოა წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე, მხედველობაში რომ მიიღოთ, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისთვის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს კვლევებსა და სამუშოებში დაგვეხმარება, რომ შევისწავლოთ როგორი არის საქმეთა ნაკადის მართვა სასამართლოში, როგორია სტატისტიკური მონაცემები, ამასთან დაკავშირებით რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მოგმართავთ პირადად... უამრავ ინფორმაციაზე ვიღებთ უარს და ეს ხელისშემშლელია... სასამართლო იზოლირებულად არ უნდა მუშაობდეს და ითანამშრომლოს... დაგემშვიდობებით, წინასწარ ახალ წელს გილოცავთ,“ - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეებს.
ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას უკმაყოფილება მოჰყვა სასამართლოების წარმომადგენლების მხრიდან.
ამას რომ იღებთ და გაავრცელებთ, ცოტა რაღაცნაირი ნათქვამია. ამის ორგანიზატორი ზუგდიდის რაიონული სასამართლო არ ყოფილა, ტექნიკური შეცდომა მოუვიდა სასამართლოს და მექანიკურად იქნა გადმოგზავნილი ეს ლინკი,“ - პასუხობს ჯანეზაშვილს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი.
ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლოებთან ჩართვა ისე დაატოვებინეს, რომ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გასცეს.