მიზანმიმართულად გააკეთეს. დროშის დაწვის გამო ჯარიმა კი არა, ღირსების ორდენი უნდა დაკიდო კაცს - მორგოშია
ევროკავშირის დროშის დაწვა მიზანმიმართულად მოხდა - ამის შესახებ განცხადება "პირველებთან" რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელმა კოტე მორგოშიამ გააკეთა.
მორგოშია ამბობს, რომ დროშის დაწვა დაგეგმილი იყო, რადგან მახარაძემ და მარტინენკომ მიზანმიმართულად გაიმეორეს ის, რაც რამდენიმე დღის წინ "ალტ-ინფოს" მხარდამჭერი ლაშა შურუხიამ გააკეთა. შურუხია ახლა დაკავებულია, თუმცა იგივე ქმედების გამო მარტინენკო და მახარაძე თავისუფლები არიან.
მორგოშია ამბობს, რომ თუ შურუხია არ გათავისუფლდება ან მახარაძეს დააკავებენ, "პროცესები იქნება უმართავი" და ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში.
მარტინენკოს შეუფარდეს ჯარიმა და მსჯელობენ ახლა ზურა მახარაძის ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა თუ ესეც ჯარიმით უნდა გავიდეს.
მახარაძის დაჭერა არ მგონია, გამოვრიცხავთ იმას, რომ ლაშასაც მანდ დატოვებენ. პროცესები იქნება უმართავი, ლაშა იქ რომ ზის ეს არის აბსოლუტური სიგიჟე და არც ვიცი რას შევადარო, ეს არის არაადეკვატური სასჯელი, ჯარიმა შეიძლება დაუწერო, თუმცა მე ვთვლი, რომ ევროსაბჭოს დროშის დაწვის გამო ჯარიმა კი არა, ღირსების ორდენი უნდა დაკიდო კაცს. სპეციალურად ჩამოხსნეს მერიისგან და იმიტომ გააკეთეს იგივე ქმედება, რაც ლაშამ გააკეთა, რომ თუ ლაშა დაიჭირეს, ჩვენც დაგვიჭირეთო, ამას არც უარყოფს არც მახარაძე, არც მარტინენკო.კი არ სეირნობდნენ და დროშა კი არ ნახეს, მიზანმიმართულად გააკეთეს. წესიერი ქართველი კაცია, ცხოვრობს წმინდა ქალაქში და დაკიდა ხუნდაძემ 50-მეტრიანი დროშა და ადგნენ და ჩამოხსნეს, დაწვა, მიუღებელი იყო და წერილიც გამოაქვეყნა და ახსნა, არც უარყოფს რომ თვითონ ქნა და არც დასანანებელი არ არის.
ჯერ ლაშა რომ ამაზე დაიჭირეს, ამაზე რა ვნებათაღელვაა ხედავთ და პირდაპირ გეტყვი, ყველა ვარიანტში გამოსაშვები გახდება. ძალიან ბევრი ხალხი გამოვა, მაგათ დასაცავად არავინ გამოვა, ოჯახის წევრებიც არ დაიცავენ მაგათ. პლუს, მახარაძე დაიჭირეს და სახლში წავედი დაიძინე, ეგრე არ გაივლის ეგ ამბავი, არ არის პოლიტიკურად მათთვის მომგებიანი,“ - ამბობს მორგოშია.
თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.