პრორუსულ ჯგუფებს ამ ქვეყანაში აქვთ პრივილეგიები - სამოქალაქო აქტივისტი EU-ს დროშის დაწვაზე
როგორ დაწვეს პრორუსული დაჯგუფების ლიდერებმა თბილისის მერიასთან დროშა ისე, რომ არავინ შეეწინააღმდეგა, მათ შორის არც დაცვის სამსახური, რომელიც ხედავდა მათ ქმედებებს - ეს კითხვა აქვთ სამოქალაქო აქტივისტებს.
ორგანიზაცია "12 საფეხურის" დამფუძნებელი, ვადო მაჭავარიანი, რომელიც გეგმავდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საზეიმო ღონისძიების გამართვას ახალგაზრდებთან ერთად, ამბობს, რომ მერიამ მათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე უარი უთხრა. ახლა კი, როდესაც ნახა, როგორ დაწვეს რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ევროკავშირის დროშა, კითხვა აქვს სახელმწიფო უწყებებთან - რატომ მისცეს მათ ამის უფლება და რატომ არიან ისინი დაუსჯელები.
სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ, ვისაც გვინდოდა კანდიდატის სტატუსის ზეიმი ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენ არ ჩაგვატარებინა მერიამ ეს ღონისძიება, თუმცა ყველაზე მარტივი ლუსტრაცია არის ეს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან რამდენიმე დღეში მერია და სახელმწიფო ერთერთ მთავარ სახელმწიფო უწყებასთან რთავს მოძალადე, ანტიდასავლურ ჯგუფებს, რომლებიც გამოირჩევიან ასეთი ქმედებებით, რომ დაწვან ევროკავშირის დროშა და შეეწინააღმდეგონ იმ არჩევანს, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული. დაუსჯელობის სინდრომი არის ამ ქვეყანაში, ეს მიანიშნებს იმას, რომ პრორუსულ ჯგუფებს და ანტიდასავლურ ჯგუფებს ამ ქვეყანაში აქვთ პრივილეგიები,“ - ამბობს ვადო მაჭავარიანი.