მიეცით ბავშვებს უფასო საკვები! - საპროტესტო მარში თბილისში

23.12.23 15:48
მიეცით ბავშვებს უფასო საკვები! - საპროტესტო მარში თბილისში

მიეცით ბავშვებს უფასო საკვები! "აქ ბავშვებს შიათ" - დედაქალაქში საპროტესტო მარში იმართება. აქციის მონაწილეეები პირველკლასელებისთვის კვების უფასო პროგრამის დანერგვას ითხოვენ.

პირველი გიმნაზიიდან განათლების სამინისტრომდე მსვლელობას მოსწავლეების მშობლები და მესამე სექტორის წარმომადგენლები გეგმავენ.

გაეროს ბოლო კვლევებით დადგენილია, რომ მოზარდები შიმშილის ზღვარზე არიან. გაჭირვების გამო ოჯახებს ბავშვები სასწავლო დაწესებულებაში ხშირ შემთვევაში მშიერი დაჰყავთ. ამ დროს კი სამინისტრო ამტკიცებს, რომ უფასო კვების პროგრამა ვერ გაამართლებს, რადგან სკოლები მოუმზადებელია. 

მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენლის კოტე ჩაჩიბაიას შეფასებით, ერთადერთი წინაღობა, რაც სკოლებში კვების დაწყებას უდგას, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.

შიმშილი საქართველოში არ არის ბოლო ორი წლის პრობლემა, ეს ბოლო 30 წელია უამრავი ქართული ოჯახისთვის პრობლემა არის და დღემდე სახელმწიფოს არცერთი ხელისუფლების პირობებში არ შემოუთავაზებია ამ პრობლემის გადაჭრის რაიმე გზა. ხოლო, რაც შეეხება უფასო სასკოლო კვების პროგრამას, ეს მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოში მოქმედი პროგრამაა, რაც გულისხმობს სკოლაში ბავშვებისთვის კვებით უზრუნველყოფას.
საქართველოს რეალობის გათვალისწინებით და იმ რეალობით, რაც საჯარო სკოლებში არსებობს, ეს კვების პროგრამა შეიძლება სხვადასხვა ფორმით ამოქმედდეს სხვადასხვა სკოლებში, ის, სადაც ბუფეტის სივრცე უზრუნველყოფილია და არის ამის საშუალება, ადგილზე დამზადდეს ცხელი საკვები, ხოლო იქ, სადაც ამის საშუალება არ არის, ჯერჯერობით, იქ შეიძლება ე.წ. ლანჩბოქსებით მივიდეს ეს საკვები ბავშვებთან. ხოლო ისეთ გეოგრაფიულ არეალში მდებარე სკოლებში, სადაც მაღალმთიანი რაიონებია და იკეტება გარკვეული პერიოდებში, შეიძლება ვიტამინებით და სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით წინასწარ მომზადებული  საკვები მომარაგდეს და ამით გამოიკვებონ ამ სკოლის მოსწავლეები.
ამიტომ, მინისტრმაც აღნიშნა და ჩვენი პოზიციაც ეს არის, რომ არც ფინანსურად, არც ლოჯისტიკურად საქართველოსთვის დღესდღეობით არ წარმოადგენს ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრაც სახელმწიფოს არ შეუძლია და უმოკლეს ვადებში, ვფიქრობთ, 2024 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა,“ - განაცხადა ჩაჩიბაიამ.