ფორსმაჟორში დანიშნული პარტიის ყრილობა - ბესელია "ოცნების" "დაბნეულობასა" და ივანიშვილის გათვლებზე
შიდა გადალაგება "ქართულ ოცნებაში" - რა მიზნით იმართება 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობა და რას უკავშირდება ცვლილებები პოლიტსაბჭოში - "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო გუნდი ამომრჩევლების მობილიზებას ცდილობს.
ბესელიას შეფასებით, დეკემბერში დანიშნული პარტიის ყრილობა აჩვენებს, რომ მმართველ გუნდში დაბნეულობაა და არ იციან, პარტიის რეალური ხელმძღვანელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს, რომ "ქართულ ოცნებასთან" და მის ამჟამინდელ შემადგენლობასთან რაიმე ფორმით ასოცირდებოდეს და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ამ გუნდთან ერთად საჯარო სივრცეში არ გამოჩნდება.
ეს უფრო ალბათ, ემსახურება ამ დაბალი რეიტინგების ფონზე, რაც კვლევებითაც ჩანს, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას. საარჩევნო წელი მოდის, ეს ყველაზე რთული წელი იქნება ხელისუფლებისთვის და მმართველი პარტიისთვის და ყველაზე ბოლოს გაიგებენ ალბათ, ვინ სად შეიძლება იყოს წარმოდგენილი.
ამიტომ ეს ერთგვარი დაბნეულობის მანიშნებელიც არის, იმიტომ, რომ წინასაახალწლო დღეებში ასე ფორსმაჟორში პარტიის ყრილობა, ერთმანეთს ახალ წელს თუ მიულოცავენ, თორემ ლოგიკურადა ვერ ვხსნი, რატომ უნდა იმართებოდეს.
ისინი მთლიანად მიბმული არიან ივანიშვილის რეიტინგზე, ივანიშვილის გარეშე ვინ აირჩევს კობახიძეს, ოხანაშვილს და მათიკაშვილს, მაგრამ ივანიშვილს ნამდვილად არ სჭირდება ამ ჯგუფთან ერთად გამოჩენა და არც გამოჩნდება ამათთან ერთად საჯაროდ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.