"ლელოს" პირობა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს და გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი
ჩვენ ვდებთ პირობას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი - ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ლელო" იღებს ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!
„ლელოს“ ამოცანაა, რომ ქვეყანამ სწრაფად გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს კეთილდღეობას, ჩვენი იდენტობის, რწმენის შენარჩუნებას, ეს არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის სწორედ ის სიკეთეები, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ის წარსული, რომელიც ნიშნავდა სწორედ იდენტობის გაქრობას, რომელიც ნიშნავდა ჩვენი წარსულის დავიწყებას, ეს ჩავაბარეთ წარსულს, ეს გავაკეთეთ, მაშინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, უკან დაგვაბრუნოს იმ ჯურღმულში, რომელსაც თავი დავაღწიეთ. ჩვენ გვინდა ღირსეული ადგილი დავიკავოთ ევროპულ ოჯახში, ჩვენი განუმეორებელი ხასიათი, იდენტობა შევიტანოთ ევროპულ ოჯახში, სადაც ძალიან გაუფრთხილდებიან ამას. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი ერთობის წევრი, სადაც ყველა თანაბარი და თან ყველა დამოუკიდებელი და განუმეორებელია. ასეთი ოჯახია ევროპული ოჯახი. ჩვენ ვიღებთ პირობას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი! ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.