ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა - ოკუპირებულ აფხაზეთში ამბოხისთვის ემზადებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტია - ხალხი დეფაქტო რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადება. მიზეზი ბიჭვინთის აგარაკები და ის ხელშეკრულებაა, რომელიც ბჟანიამ რუსეთთან გააფორმა.
ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ოპოზიციურმა ერთობამ საგანგებო მიმართვა გაავრცელა. პოლიტიკოსები ე.წ პარლამენტის იმ სხდომის ჩაშლით იმუქრებიან, სადაც რუსეთისა და აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოხდეს.
მიმართვაში ოპოზიციური მოძრაობები წერენ, რომ თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და საკითხს უკან არ გაიწვევს, კონკრეტულ შეეგებს მიიღებენ, რაზეც პასუხისმგებელი სწორედ მარიონეტული რეჟიმი იქნება.
ოკუპირეულ აფხაზეთში დეფაქტო პარლამენტი განიხილავს ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს. აი, იმ განცხადებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ და ყველა ვიცნობთ. ჩანს, რომ წინააღმდეგობა ძლიერი იქნება, გაუწევს როგორც ოპოზიცია, ასევე მოსახლეობა და ისინი შეეცდებიან, არ დათმონ ეს საკითხი და არ გადეცეს რუსეთს ბიჭვინთის აგარაკები. ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნება, 28 დეკემბერს როგორ გავითარდება მოვლენები. შეიძლება, ეს საბედისწერო აღმოჩნდეს ბჟანიასთვის და მან შესაძლოა, დაკარგოს ამის გამო ე.წ. საპრეზიდენტო პოსტი. ის შეეწირება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ საზოაგდოების მხრიდან, როგორც ანონსდება, არ აპირებენ დათმობას, - ამბობს ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ნუკრი ნოდია.
ქართული ოპოზიცია კი "ქართულ ოცნებას" დუმილის გამო აკრიტიკებს. "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია პირდაპირ ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება რუსეთის სამსახურში დგას და ამას აღნიშნული ფაქტიც ცხადყოფს.
არ შეიძლება, რომ საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი ვიღაცამ, არალეგიტიმურმა რეჟიმმა, აიღოს და გადასცეს მესამე სახელმწიფოს, ეს არის დაუშვებელი. მე მივესალმები, რა თქმა უნდა, ყველას პროტესტს აფხაზეთში. ეს არის ის პარადოქსული მომენტი, როდესაც აფხაზეთის საზოგადოება ბევრად უფრო ადეკვატურია და სწორია, ვიდრე საქართელოს ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია, რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არაფერი უთქვამს. ეს არის კაპიტულანტი რუსეთის მსახური ხელისუფლების ძალიან მკაფიო სახე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.