პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას გამბედაობა სჭირდება - გახარიას გუნდი ივანიშვილზე
გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დასაბრუნებლად გამბედაობა და პასუხისმგებლობა სჭირდება.
ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ "ოცნების" ყრილობაზე დიდი შანსია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და პარტიულ წარმომადგენლებს მიმართოს.
ალბათ, რჩევაა ეს ტექნოლოგების, მოშეს მათ შორის, რომ საახალწლო განწყობების კოვერტაცია ყრილობების საშუალებით, ეს კარგი იდეაა და შეიძლება ივანიშვილიც ვიხილოთ ამ ყრილობაზე, გამოვიდეს და რაღაცები მიულოცოს მის პარტიულ წარმომადგენლებს, თუმცა დაბრუნების ნაწილში, ჯერ სად უნდა დაბრუნდეს, ისედაც პოლიტიკაშია, მაგრამ ძალიან დიდი გამბედაობა და პასუხისმგებლობის განცდა სჭირდება იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რასაც აქამდე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე მართავდი", - განაცხადა ლილუაშვილმა.
დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად? ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მოულოდნელად დანიშნულმა ყრილობამ გააჩინა. დიდი ღონისძიება 30 დეკემბერს ჩაატარდება. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პარტიული ყრილობა ეწყობა იმიტომ, რომ პარტიული რიგებიდან ოფიციალურად გარიცხონ კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, მაგრამ სულ სხვა მოლოდინებია პოლიტიკურ კულუარებში.