6 წუთში 5-ჯერ ავსებული ავზი და საბიუჯეტო თანხების მართვის პრობლემა რეგიონებში - აუდიტის სამსახურის დასკვნა

25.12.23 17:26
6 წუთში 5-ჯერ ავსებული ავზი და საბიუჯეტო თანხების მართვის პრობლემა რეგიონებში - აუდიტის სამსახურის დასკვნა

ექვს წუთში ხუთჯერ ავსებული ავზი - ზესტაფონის მერის ერთ მანქანაში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს. ამ ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.

ანუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანაში ერთი დღის განმავლობაში საწვავი ჩასხმულია 11-ჯერ, ჯამში, 220  ლიტრის ოდენობით. დასკვნის მიხედვით, რეგიონებში საბიუჯეტო თანხების მართვის სერიოზული პრობლემაა.

გარდა ამისა ირკვევა, რომ დაქირავებული კომპანიები ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს ვერ ასრულებდნენ და მათ პროექტების ჩაბარების ვადები 29-ჯერ შეუცვალეს. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდა ამ პრობლემისა, არსებობს კიდევ წყალმომარაგების პრობლემაც, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ საკითხზე მუნიციპალიტეტი არ ზრუნავს. 

ოპოზიციას უჩნდება ეჭვები, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებულ იქნას კორუფციულ გარიგებებთან.

მაშინ როცა წყლის და გზის პრობლემაა, სოციალური პრობლემები აქვს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, 5 მილიონ ლარს ვერ ხარჯავს. ამას ემატება დაუსაბუთებელი ანაზღაურება, პრემიები და ჯილდოები მერიის თანამშრომლებზე. ტრადიციული პრობლემა გახდა მუნიციპალიტეტების, როდესაც 50 ლიტრიან ავზში 70 ლიტრ საწვავს ასხამენ. ეს თიტქმის ყველა მუნიციპალიტეტის პრობლემაა და არც ზესტაფონია გამორჩეული ამ მხრივ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები რეგიონებში გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

აუდიტის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მუნიციპალური სტრუქტურები მუშაობენ არა ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ კონკრეტული პარტიული ინტერესების შესასრულებლად და ზუსტად აქედან გამომდინარეობს დარღვევების ის კასკადი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და რომელიც უნდა  იყოს საფუძველი გამოძიების დაწყების, მაგრამ ვხედავთ, რომ "ოცნების" მეირ მართული პროკურატურა თვალს ხუჭავს ამ დანაშაულებრივ გულგრილობაზე, რომელიც აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია", - ამბობს საბა ბუაძე. 

აუდიტის თანახმად, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 2 განპიროვნებულ და 4 სამორიგეო ავტომანქანას. წლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 7-22 ავტომობილით.

წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა საანგარიშო პერიოდში დახარჯა 213 900 ათასი ლარის ღირებულების 73.5 ტონა საწვავი, მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე დახარჯულია 26 ტონა საწვავი.

საწვავის ნაწილს, კერძოდ, 12.2 ტონას, მუნიციპალიტეტი ხარჯავდა vip ბარათების საშუალებით, რისი აუცილებლობაც, აუდიტის სამსახურის შეფასებით, არ იყო, რადგან მუნიციპალიტეტს შეეძლო საწვავის ლიმიტის დარეგულირება თითოეული მოხელის სამსახურებრივი საჭიროებების მიხედვით. ამასთან, პლასტიკური ბარათების გამოყენება ზრდის საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვის რისკს: ბარათით (განსაკუთრებით უნომრო ბარათით) შესაძლებელია არაავტორიზებული ავტომანქანის საწვავით გამართვა.

აუდიტის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები პირად საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში სამსახურებრივ საწვავს ასხამდნენ შვებულების პერიოდშიც, რისი უფლებამოსილებაც არ ჰქონდათ.

აუდიტის სამსახურის თანახმად: ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 27% და 29% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.