სახელმწიფო თავად არის დანაშაულის ორგანიზატორი და დამგეგმავი - მშვილდაძე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
ჟურნალისტებზე ძალადობა სახელმწიფოს ჩართულობით ხდება, - ამის შესახებ "ფორმულას" წამყვანი მიშა მშვილდაძე საუბრობს. მედიის წარმომადგენელი TI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საგანგაშოს უწოდებს და ამბობს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება. მისი თქმით, ხელისუფლებ არა თუ არ სჯის დამნაშვეებს, არამედ მათ თავად ახალისებს.
ის, რომ 45 ფაქტია ჟურნალისტებზე თავდასხმის მარტო 2023 წლის განმავლობაში, ეს არის ძალიან მაღალი რიცხვი. ნათელია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან სახელმწიფოს ჩართულობით დანაშაულში. ჩემი კონკრეტული საქმე ზუსტად აჩვენებს რა ხდება ქვეყანაში მთლიანად, როგორ არის ჩართული სუსი გაყალბებაში რეალობის, დადგმაში. სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დანაშაული არ მოხდეს კი არა, სახელმწიფო თვითონ არის ამ დანაშაულის ორგანიზატორი, მომფიქრებელი, დამგეგმავი, ჩამდენი და მერე მტკიცებულებებისვე გამყალბებელი, რომ არ დასაჯოს რეალური დამნაშავეები, - ამბობს მშვილდაძე.
წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.