მედიაზე გახშირეული თავდასხმები მათ გაჩუმებას ემსახურება - ნოდარ მელაძე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების გაჩუმებას ემსახურება. მედიამენეჯერის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებს ფორმალურად იძიებს, რაც ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდება.
ყოველ წელს მედიის მდგომარეობა საქართველოში უფრო მეტად უარესდება და 2023 წელიც ამ მხრივ იყო გამორჩეული. ჩვენ ვნახეთ ათობით ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და ამ ყველაფერს ჰქონდა ერთი მიზანი, რომ ჟურნალისტები დაეშინებინათ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, რომ უარი ეთქვათ დაესვათ კრიტიკული კითხვები.
2023 წლის განმავლობაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური, კარლო კაციტაძის უწყება, იწყებდა ფორმალურ გამოძიებებს, მეც ვყოფილვარ ამ უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებული და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ანუ იწყებოდა ფორმალურად გამოძიება და შემდეგ შედეგი დგებოდა - ნული, - ამბობს ნოდარ მელაძე.
წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.