"ენმ-ის ლანძღვა გახარიას ხმებს ვერ მოუტანს" - მწვავე დაპირისპირება ანა წითლიძესა და მიხეილ დაუშვილს შორის
ხმაური ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის - "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე და პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი დაუპირისპირდნენ.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გახარიას გუნდის განცხადებებს, რაც სააკაშვილის საკანში გადაყვანას ეხება, "ბოლშევიკური" უწოდა და აღნიშნა, რომ მათ წითელი ხაზები გადაკვეთეს.
წითლიძის თქმით, პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებების გაპროტესტება ყოფილი პრემიერისა და მისი თანაგუნდელების მხრიდან "ბედის ირონიაა".
ჩვენ, მიუხედავად ჩვენი პოზიციონირებისა, გახარიებისგან განსხვავებით კარგად ვხვდებით, რომ ისინი ასე თუ ისე ოპოზიციას წარმოადგენენ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათთან თავდასხმის რეჟიმში არ ვიყოთ. მაგრამ, როცა თავად კვეთენ წითელ ხაზებს და ბოლშევიკურ განცხადებები აქვთ, მაშინ ვალდებულები ვართ, რომ ვუპასუხოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს გიორგი გახარიას პარტია აპროტესტებდეს, დიდი ბედის ირონიაა... გახარიას ხმებს ვერ მოუტანს ნაცების ლანძღვა და მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნა. გახარიას პრობლემა არის ის, რომ ვერ მიხვდა, რომელ ამომრჩეველზე უნდა ისაუბროს, რადგან თავისი ამომრჩეველი არ ჰყავს. მე მინდა, მიშოს თაობას გავახსენო, რომ არა მიხეილ სააკაშვილი მიშო და მისი თაობა უნივერსიტეტებში ვერ ჩააბარებდნენ და ვერ შეძლებდნენ ქრთამის გარეშე მოწყობას", - აღნიშნა წითლიძემ.
მიხეილ დაუშვილმა ენმ-ის წარმომადგენელს გაახსენა წინა ხელისუფლების მიერ ძალადობრივი სისტემის შექმნა და განაცხადა, რომ მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გატარებული მყისიერი რეფორმებისა, სააკაშვილმა ბევრი ქართველის ცხოვრება დაანგრია.
ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც კარგიც დაუნახავს და ყოველთვის დაინახავს და ცუდიც დაუნახავს და ყოველთვის იტყვის, ცუდი რა იყო. ანა საუბრობდა განათლების რეფორმაზე. დიახ, ვაფასებ. რომ არა ეგ რეფორმა, ბევრ ადამიანს პრობლემა ექნებოდა, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავთ, ისიც კარგად გვახსოვს, რამდენი ადამიანი უწამებიათ, რამდენი ადამიანი გაუნადგურებიათ და როგორი ძალადობრივი სისტემა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. ესეც გადასარევად გვახსოვს. კარგიც ვიცით ჩვენ და ცუდიც კარგად გვახსოვს. როდესაც ცუდი გაგიკეთებია, პასუხიც უნდა აგო", - განაცხადა დაუშვილმა.