დაპირისპირება პარლამენტში - საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს
დაპირისპირება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციამ ბრალი ხელისუფლებას წაუყენა.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა დედაქალაქის მერი კორუფციაში დაადანაშაულა და სამარშუტო ტაქსების თემა შეახსენა.
კახი კალაძემ 43 მილიონი ლარი ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს, დისპეჩერებს და გადაანაწილა სადღაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც წილის გარეშე არ დარჩენილა, იმიტომ რომ მისი საგმირო საქმეები ცნობილია თბილისში, ეს არის ჩვეულერივი კორუფციული თაღლითობა - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
,,ნაცმოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, ხელისუფლებას ბრალი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გატაცებული ქართველების უფლებების იგნორირებაში დასდო.
როცა ზალკალიანი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ საოკუპაციო რეჟიმია და არ შეიძლება, მათ ხელაღებით ვესაუბროთ და მძიმეა ვითარება, დიახ, ვითარება მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პატიმრობაში ჰყავდა რუსეთის 3 მოქალაქე და ისინი ერთ დღეში უპირობოდ გაათავისუფლა. არც უფიქრია, რომ გახელაძეში გაეცვალათ. ასე უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გაეშვათ და ამის თაობაზე არანაირი წუხილი არ ჰქონიათ. - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ ,,ნაცმოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტი შეახსენა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ,,ენმ"-ს, რომ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
დღემდე ,,ენმ"-ს არ მოუწერია ხელი მიშელის დოკუმენტზე, რადგან მძევალია საკუთარი დაპირებებისა, იმ დაპირებების, რაც არაერთხელ დაუფიქსირა ამომრჩეველსა და საზოგადოებას, ვნახეთ, ყველა ასეთი დაპირება როგორ გადათქვა და საპირისპიროდ იმოქმედა, ვხედავთ, რომ ძალიან გიმძიმთ ამ მდგომარეობაში ყოფნა. ისიც იცით, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოგიწევთ. რათა საბოლოოდ არ მოხდეს თქვენი გარიყვა დასავლეთის მხრიდან - განაცხადა ,,ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ.
საპარლამენტო სესიაზე დეპუტატები სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ. დარბაზში პირველად გამოჩნდა ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე. ის მანამდე კომიტეტების სხდომას ესწრებოდა, დღეს კი ჟურნალისტებმა პირველად დააფიქსირეს სხდომათა დარბაზში. ვაშაძე სიტყვით ჯერ არ გამოსულა და არც კომენტარი გაუკეთებია.
მიმდინარე კვირის შემდეგ კანონმდებლები საქმიანობას დეპუტატები უკვე რიგგარეშე სხდომების ფორმატით შემოდგომამდე გააგრძელებენ, რადგან პარლამენტს წინ ბევრი სამუშაო აქვთ, მათ შორის, მიშელის დოკუმენტში გაწერილი კანონპროექტების მიღება.