ღარიბაშვილის ლიდერობით და ჩვენი გუნდური სულისკვეთებით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - დარჩიაშვილი

26.12.23 11:32
ღარიბაშვილის ლიდერობით და ჩვენი გუნდური სულისკვეთებით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - დარჩიაშვილი

ღარიბაშვილის ლიდერობით,პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან თითოეული ნაბიჯის გადადგმა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენგან უდიდეს სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს.

„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2022 წლიდან, ფაქტობრივად მოშლილია ის მსოფლიო წესრიგის პრინციპები, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის დიპლომატიური საქმიანობისათვის, მნიშვნელოვან ფუნდამენტს წარმოადგენდა. შედეგად, სახეზეა აქამდე დამკვიდრებული თამაშის წესების უგულვებელყოფა და მსოფლიოში ახალი გლობალური თუ რეგიონული ძალების მიერ საკუთარი ინტერესების აქტიური, ახლებური პოზიციონირება. ამ ვითარებაში, ჩვენი მხრიდან თითოეული ნაბიჯის გადადგმა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენგან უდიდეს სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს. ისეთ გარემოში, როდესაც სწორი, ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ორიენტაციით სვლა ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსების მქონე ქვეყნებსაც უჭირთ, ჩვენ განვლილი ერთი წლის მანძილზე შევძელით და, არა მხოლოდ უზრუნველვყავით მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ ჩავუყარეთ მყარი საფუძველი მის მდგრად განვითარებას და ისტორიული ცივილიზაციური არჩევანის მკაფიო, შეუქცევად პერსპექტივას.

წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა. და ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით“, - აღნიშნა მინისტრმა.