ველით პროვოკაციებს - პაპუაშვილი საარჩევნოდ არეულობას აანონსებს

26.12.23 12:26
ველით პროვოკაციებს - პაპუაშვილი საარჩევნოდ არეულობას აანონსებს

"პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2024 წლის გადაწმყვეტი არჩევნების წინ არეულობას აანონსებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს და პროვოკაციებს ელოდება.

სწორედ ამიტომ, პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

„ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა"- განაცხადა პაპუაშვილმა.