რა ბედი ელით ემიგრანტების ხმებს - მესამე სექტორი ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდება

26.12.23 16:01
რა ბედი ელით ემიგრანტების ხმებს - მესამე სექტორი ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდება

მესამე სექტორი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობა ძალიან დაბალია, რაც ცხადყოფს, რომ მათ ხმის მიცემასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები აქვთ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა აღნიშნული საკითხის დროულად მოგვარება და ამ პროცესში ხელისუფლების, ოპოზიციის, ცესკოს და მესამე სექტორის ჩართულობაა აუცილებელი.  

ასეულობით ათასი ადამიანია საქართველოდან გასული. ცესკოს სტატისტიკას თუ შევხედავთ, ძალიან დაბალია მათი მონაწილეობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ რაღაც დაბრკოლებები და პრობლემები არჩევნებში მონაწილეობის და ფაქტია, რომ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია აქ არის ის, რომ ხელისუფლების, ოპოზიციის, ცესკოს და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დაიწყოს ამაზე მუშაობა. მათ შორის, ვკითხოთ ჩვენს ემიგრანტებს საზღვარგარეთ რა პრობლემები აქვთ არჩევნებში მონაწილეობის, რა გაუმარტივებთ მათ ამ პრობლემების მოგვარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ, რა არის ხელისუფლების ხედვა თავისუფალი, სამართლიანია და კონკურენტული არჩევნების ჩატარების პროცესში. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნი ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, - ამბობს ნინო დოლიძე. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის თქმით, შეასრულებს თუ არა მთავრობა ემიგრანტების მოთხოვნას, ეს  წლის დასაწყისში გაცხადდება.

თემა არის ზოგადი, რაშიც შეიძლება შევიდეს ყველაფერი ან არაფერი, ამიტომ სჯობია, უკვე შეასრულებენ თუ არა და ასრულებენ თუ არა, ეს ძალიან აშკარად გამოჩნდება უკვე წლის დასაწყისში, - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ ათასობით ემიგრანტი არჩევნებზე ხმის უფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ ცესკოს ხელმოწერებითაც მიმართეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დღეს თქვა, საზღვარგარეთ საარჩვენო უბნების გახსნასტან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი.