აფხაზეთის ე.წ. მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ - ვინ შეხვდა დე ფაქტო რეჟიმს

26.12.23 15:49
აფხაზეთის ე.წ. მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ - ვინ შეხვდა დე ფაქტო რეჟიმს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლებს შეხვდნენ. 

საოკუპაციო რეჟიმი ირწმუნება, რომ მოლაპარაკების თემა ენერგეტიკა იყო  -  მარიონეტული, ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ე.წ. ეკონომიკის მინისტრის შეხვდა. 

ახლა მთავარი კითხვაა - ვინ შეხვდა დე ფაქტო რეჟიმის წამოაბოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან და რა იყო საუბრის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმთან. 

კითხვის მთავარი ადრესატი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე დუმს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა. 

საკითხზე კომენტარის გაკეთება მოუწიათ საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ აუდიენციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

"ამ შეხვედრის კონკრეტული დეტალები არ ვიცი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ენგურჰესი ყოველთვის იყო ნდობის აღდგენის, ურთიერთობის შესაძლებლობა იყო ოკუპაციის ხაზით გაყოფილ ორ საზოგადოებას შორის"- თქვა ილია დარჩიაშვილმა. 

ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა შალვა პაპუაშვილმაც, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი შესაძლებელია. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის "მინისტრი" ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს შეხვდა, არ აქვთ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც. 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და ე.წ. ვიცეპრემიერმა, კრისტინა ოზგანმა სპუტნიკ აბხაზიასთან საუბარში დაადასტურა, რომ გასულ დღეებში ის ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ოზგანის თქმით, ქართულ მხარესთან "სამუშაო შეხვედრა ენგურჰესის კაშხალთან" გამართეს.

"განვიხილეთ 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული". – თქვა ოზგანმა.

ოზგანის ვიზიტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ ოპოზიციურ ჯგუფებში. "არუააში"  ამბობენ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, "აფხაზეთის რესპუბლიკის არც ერთი მაღალჩინოსანი საქართველოში არ ყოფილა", ხოლო ქართულ მხარესთან ენერგეტიკასა და ინციდენტების პრევენციაზე საუბარი გალის რაიონში იმართებოდა.