რატომ ვერ (არ) იწმინდება გზები - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს
ქვეყნის მასშტაბით გაუწმენდავი გზების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია - ნაქერალას უღეlტეხილი კი დილიდან საერთოდ ჩაიკეტა.
გადაადგილება შეზღუდულია დიდთოვლობის გამო სხვა ავტომაგისტრალებზეც, ეს კი იმ ფონზე, როდესაც გზების გასაწმენდად ხელისუფლებას 40 მილიონი აქვს გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში "პირველებთან" ამბობენ, რომ ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება გზების გაწმენდა და გარემოს ეროვნული სააგენტოდან ნებართვის მიღების შემდეგ განაახლებენ გზის გაწმენდას გუდაური-კობის მონაკვეთზე.
სად მიდის ეს ფული და რატომ აგვიანებენ გზების გაწმენდას - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან და თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს.
"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ტექნიკა გზების გასაწმენდად არასაკმარისია, გზების დეპარტამენტი სატენდერო მოთხოვნებს არ ცვლის.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი ეს არის მეათე ზონა და აღნიშნულ ტერიტორიას ემსახურება „ჯავახ ავტო გზა“, ტენდერის ღირებულება არის 8 მილიონი ლარი და ამ კომპანიას ევალება გზების მოვლა-პატრონობა და მათ შორის თოვლის შემთხვევაში გზების გაწმენდა. წლიდან წლამდე გზების დეპარტამენტმა ვერ ისწავლა ის, რომ უხვი თოვლი იცის ამ რეგიონში და არ ყოფნის 4 ერთეული ტექნიკა. გზების დეპარტამენტისთვის მოულოდნელად მოდის ზამთარი, ანუ გზების დეპარტამენტი არასდროს მზად არ არის ზამთრის დადგომასთან. რამდენად ლოგიკურია, იცოდე, რომ ცუდი ამინდი იქნება და ასევე გყავდეს მომსახურე კომპანია, რომელმაც თოვლი უნდა გაწმინდოს და ამას არ ეუბნებოდე, როდის მოთოვს - ეს ხომ თანამდებობრივი გულგრილობა და ყველაფერი ერთად აღებული ანუ უსაქმურობა არის დღეს გზების დეპარტამენტში,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.
"ლელოს" დეპუტატი საკრებულოდან საბა ბუაძე თვლის, რომ წლებია ქვეყანა ზამთარში ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგება, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლების გულგრილობის და შესაძლო კორუფციული გარიგებების შედეგია.
არცერთი ზამთარი არე ყოფილა ისე, რომ სრულფასოვნად და უმტკივნეულოდ მომხდარიყო ამ პრობლემების თავიდან აცილება. ახლაც ვხედავთ, რომ სახეზე გვაქვს სისტემური პრობლემა, როდესაც არასაკმარისი რაოდენობაა ავტომობილების, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ იცვლება ხოლმე სატენდერო პირობები და ამას შეიძლება ჰქონდეს ორი ახსნა - უკიდურესი უცოდინრობა და გულგრილობა ამ ხელისუფლების და ამავდროულად, კორუფცია, რომლის საშუალებითაც ისინი ამ ტენდერებს აძლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან მმართველ პარტიასთან,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.