NATO-ში MAP-ით შევალთ თუ MAP-ის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს – დოლიძე

26.12.23 18:53
NATO-ში MAP-ით შევალთ თუ MAP-ის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს – დოლიძე

"ეს იქნება MAP-ით თუ MAP-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საქართველოს უკვე გააჩნია ყველა ინსტრუმენტი NATO-ში წევრობისთვის," - ამ განცხადებას NATO-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე აკეთებს.

როგორც დოლიძე ამბობს, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ქვეყანა ალიანსის წევრი MAP-ით (წევრობის სამოქმედო გეგმით) გახდება თუ მის გარეშე.

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს NATO-ში გაწევრიანება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. თუმცა, რა ფორმატით და როგორ მოხდება, ეს იქნება MAP-ით თუ MAP-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საქართველოს უკვე გააჩნია ყველა ინსტრუმენტი NATO-ში წევრობისთვის. ეს არაერთხელ თქმულა არაერთ უმაღლესი დონის შეხვედრაზე. მე მგონია, რომ როგორც ქართველები, NATO-ელები, ამასთან დაკავშირებით ვყალიბდებით”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძემ ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გზას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც უხსნის.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ვაშინგტონში ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და შინაარსობრივად გამართული იქნება ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები და არამხოლოდ პრაქტიკულად და გვექნება წინ გადადგმული ნაბიჯები როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს მხრივ”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

2023 წლის ივლისში NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეშია აღნიშნულია, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება ძალაში რჩება. თუმცა ამავე სამიტის კომუნიკეში უკრაინასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მისი “გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის(MAP) საჭიროებას”.