აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2022-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია - "ფლანგვის დეტექტორი"
აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2022-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
როგორც "ფლანგვის დეტექტორში" ამბობენ, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია არაკვალიფიციურ კომპანიას ანდეს და ხელშეკრულება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ₾1.7 მილიონი გადაუხადეს.
ორგანიზაციის ცნობით, ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განსახორციელებლად უფრო მეტს, ₾ 3.9 მილიონს მიიღებს, ანუ თავდაპირველი ფასი ₾ 3.2 მილიონი უკვე ₾ 5.6 მილიონამდეა გაზრდილი.
რატომ ვერ დასრულდა მუზეუმის რეაბილიტაცია თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში? როგორც სადენტერო დოკუმენტებიდან ირკვევა კომპანია ივერთმშენმა რამდენჯერმე დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები. თბილისის განვითარების ფონდმა კომპანიას 2-ჯერ დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საბოლოოდ კი 2023 წლის 3 აპრილს ოფიციალურად მოშალა ხელშეკრულება კომპანიასთან.
როგორც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დასაბუთებაშია მითითებული, პრობლემური იყო როგორც სამუშაოების ვადებში შესრულების, ასევე თავად განხორციელებული სამუშაოების ხარისხი. მაგალითად, დასაბუთებაში ვკითხულობთ:
სამუშაოების ტემპთან და ზოგადად მუშა ხელის არასაკმარის რიცხოვნობასთან დაკავშირებით მიმწოდებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც წერილობით, ისე ზეპირსიტყვიერად. თბილისის განვითარების ფონდმა სამუშაო ძალის არასათანადოდ ორგანიზებულობის შესახებ პირველი პრეტენზია ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე, ჯერ კიდევ 2020 წლის 11 აპრილის წერილით განაცხადა, თუმცა, აღნიშნული პრობლემა სარეაბილიტაციო ობიექტზე პრაქტიკულად მუდმივად იჩენდა თავს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ არასაკმარისი რაოდენობის მუშახელის პირობებში კომპანია ვერ შეძლებდა დათქმულ ვადებში სამუშაოების დასრულებას, მიმწოდებელს პრაქტიკულად არავითარი ქმედითი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს ვითარების გამოსასწობლად და მიმწოდებელმა დაარღვია შეთანხმებული გეგმა-გარფიკი.
სამუშაოთა წარმოების არასთანადო ტემპს მისი არაკვალიფიციურად შესრულების პრობლემაც დაერთო. კერძოდ, მუშახელმა თვითნებურად, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული პროექტის დარღვევით, მოშალა შენობის უკანა ფასადზე გამავალი ფანჯრის ღიობი. მეტიც, პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი გვიანდელი ხანის ჭერის მხატვრობა, რომლის რესტავრაციასაც მოითხოვდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესები, სუსტი დენების სადენების გასატარებელი ღარების ამოღებით (გამოთხრით) დაზიანდა.
როგორც ფაქტობრივი გადახდების ველშია მითითებული, თბილისის განვითარების ფონდმა კომპანიას 1,660,329 ლარი გადაუხადა. დარღვეული ვადების, არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლის შემდეგ აბრეშუმის მუზეუმი დროებით დაილუქა, მანამ სანამ ტენდერის შედეგად ახალი კომპანია შეირჩეოდა," - წერია განცხადებაში.