ახალი ბეტონის მონსტრი ქალაქის ცენტრში - ოპოზიცია ურბანულ გენოციდს აპროტესტებს

27.12.23 12:24
ახალი ბეტონის მონსტრი ქალაქის ცენტრში - ოპოზიცია ურბანულ გენოციდს აპროტესტებს

ახალი ბეტონის მონსტრი ქალაქის ცენტრში - "ქართული ოცნება" ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის საკითხის განხილვას ახალ წლამდე დაჩქარებული წესით გეგმავს. ამ ფაქტს კი ოპოზიციური პარტიების ლიდერები აპროტესტებენ.

"ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა, საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობას აღნიშნული პროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ბუაძემ დაასახელა ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ყოფილი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე 50-სართულიანი ცათამბჯენების აშენება სახიფათოა. კონკრეტულად, მისი თქმით, 2015 წლის 13 ივნისს, სტიქიის დროს, წყალმოვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა თბილისის მერიის ჩავარდნილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და განაცხადა, რომ უზარმაზარი პროექტის დამტკიცება დაუსრულებელ ხერგილებს განაპირობებს.

ივანიშვილის და კალაძის ხელით გრძელდება თბილისში ურბანული გენოციდი და ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილი არის ყოფილი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებული უზარმაზარი პროექტის დამტკიცება. ეს არის ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, რომელიც მოიწონა თბილისის მერიამ, რომელიც პირადად ივანიშვილმა მიყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქს და მიუხედავად აქ არსებული უზარმაზარი რისკებისა, თბილისის მერია და საკრებულო გეგმავენ, რომ მწვანე შუქი აუნთონ ამ პროექტს. ამ პროექტს აქვს პრობლემები სატრანსპორტო თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ გმირთა მოედანი დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის უკიდურესად გადატვირთული და აქ ამ მოცულობის მშენებლობა არის უბრალოდ დაუშვებელი. ასევე არსებობს პრობლემა ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით და ამ პროექტის განხორციელება წარუშლელ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილს და რაც ყველაზე მთავარია, ეს შენობა და ეს პროექტი მდებარეობს მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტში, სადაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს წყალმოვარდნის ყველაზე ძლიერი ნაწილი დაფიქსირდა. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე არის უდიდესი რისკების შემცველი, მაგრამ რისკები არ აინტერესებს კალაძეს, არ აინტერესებს ივანიშვილს. მათ აინტერესებთ რუსეთიდან შემოსული ფულის ხარჯზე გამდიდრება და ასეთი ნებართვების სახით სხვადასხვა ტიპის სქემების დალაგება. ეს არის, მათ შორის, ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე. ისტორიულად არსებული მწვანე ზონა, რომლის შეცვლასაც აპირებენ და აქ ცათამბჯენების განლაგებას. ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" გაიწვიოს ეს პროექტი უკან, ვინაიდან მისი განხორციელება უდიდეს ზიანს მიაყენებს ქალაქს და უდიდეს რისკებს წარმოშობს", - აღნიშნა ბუაძემ.