"ეს ჭიჭე ვაშაძე, ჩიჩიე ვაშაძე" - ირაკლი ზარქუა

22.06.21 14:36
"ეს ჭიჭე ვაშაძე, ჩიჩიე ვაშაძე" - ირაკლი ზარქუა

ხმაური პარლამენტში - გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ კახა კალაძემ მეიჯარეებს, მძღოლებსა და დისპეჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას გაღიზიანება მოჰყვა. 

დეპუტატმა ოპოზიციონერ კოლეგას "მშიშარა" და პოპულისტი უწოდა: 

ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა, ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს.

გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს. 

გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა, 4 მერე ჩვენ ჩაგვეხუტა მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და ისევ სიცრუე.

„მარშუტკები“ რაც იყო, ყვითელი ფერის, გამოუსადეგარი, ყველანაირად მოძველებული ტრანსპორტი, რომელიც გარემოს აბინძურებდა, ვთქვით, რომ ეს უნდა ჩაენაცვლოს, მაგრამ კომპანიამ თქვა, რომ არ გვაქვს ამის ჩანაცვლების ფინანსური საშუალებაო, ამიტომ სქემა მოიგონეს, რომ თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე 36 მილიონად იყიდეს 300 ცალი ლურჯი მიკროავტობუსი ისე, რომ ფასი არ გაზრდილიყო და შემდეგ მიაქირავეს ამ კომპანიას, რომ საბოლოოდ გამოისყიდოს. გამოისყიდა ეს 300 მიკროავტობუსი, კიდევ დამატებით ხდება 300-ის შესყიდვა და კიდევ დამატებით 400 „მარშუტკაზე“ მოხდება შესყიდვა. ანუ 1000 თანამედროვე, ეკოლოგიური სამარშუტო ტაქსი ივლის თბილისში.

აი ამაზეა საუბარი და ახლა თავისი სიცრუის ტირაჟირება დაიწყო, აი ამან - 2012 წელს რომ დარბოდა, პირადობები რომ გააყალბა და მერე ბიძამისი რომ დარბოდა, ატალახებული რომ ჰქონდა ჩხარტიშვილს, არ დაიჭიროთო - აი ეს ტიპია. მე არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს", - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას მწვავე შეფასებებს წინ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის განცხადებები უსწრებდა. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ "დისპეჩერების ფული გაქრა". 

ლურჯი „მარშუტკების“ მძღოლების ხელფასი 800 ლარია, ყვითელი „მარშუტკების“ მძღოლების ხელფასი 1500 ლარი, ყვითელ „მარშუტკებს“ ჰყავდათ მეიჯარეები, რომლებიც ყოველთვიურად სამარშრუტე ტაქსს უვლიდნენ და თან 800 ლარი შემოსავალი მიჰქონდათ სახლებში და ყვითელ „მარშუტკებს“ ჰყავდათ თავისი ე.წ დისპეჩერები, რომლებიც 700-800 ლარს შოულობდნენ. ჯამურად მოხდა ისე, რომ დისპეჩერების ფული გაქრა.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ხელფასი 1500-დან 800 ლარამდე შემცირდა და ამასაც არ უხდიან, ხოლო მოიჯარეები საერთოდ ამოაგდეს ამ ბიზნესის მექანიზმიდან და მერიამ კონკრეტულ კომპანიას ლურჯი „მარშუტკები“ გადასცა მართვაში და თქვა, რომ მეიჯარეებმა და მძღოლებმა კი არ იშოვონ თანხა, აი, ამ კომპანიამ წაიღოს ეს ყველაფერიო.

საბოლოო ჯამში რა ხდება? – დავთვალეთ, რომ ყოველწლიურად ბატონმა კახა კალაძემ 43 მილიონი ლარი ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეჩერებს და გადაანაწილა სადღაც. დარწმუნებული ვარ, თვითონაც წილის გარეშე არ დარჩებოდა”, - აღნიშნა ვაშაძემ.