"საკრებულოში თალაკვაძის გაძღომის ბიუჯეტი მტკიცდება" - ოზურგეთის მერი დეპუტატებს ანგარიშს აბარებს
ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოში რაიონის მერს უსმენენ. ავთანდილ თალაკვაძე დეპუტატებს ანგარიშს აბარებს. საკრებულოში დღესვე დაგეგმილია მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა, რის შემდეგაც დეპუტატები მას კითხვებს დაუსვამენ.
თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივი მთავრობა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს და მათ ინტერესებს პსაუხობს. მისი თქმით, აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურაც, რის შესახებაც გაწეული ხარჯები მოქალაქეებს შეუძლიათ, დოკუმენტში იხილონ.
ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ მოქალაქეებს ყველას ყველაფერი გაეწიათ. ყველაფერი არის ასახული დოკუმენტში. ჯუმათში, გურიანთაში გზები, ხიდები არის. ტენდერი ჩატარებულია და კეთდება, ხოლო მეორე ხიდთან დაკავშირებით, ტენდერი ცხადდება", - აღნიშნა თალაკვაძემ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არა ხალხს, არამედ ოზურგეთის მერიისა და მისი თანამშრომლების კეთილდღეობას ხმარდება.
ბიუჯეტი, რომელიც დღეს მტკიცდება, არ არის ოზურგეთელების ბიუჯეტი. ეს არის გაუმაძღარი თალაკვაძის გაძღომის ბიუჯეტი. თალაკვაძე ხელფასს უზრდის საკუთარ თავს მესამეჯერ და სტიქიის დროს დაზარალებულ ადამიანებს ჯერ დახმარება არ გაწევიათ, თანხები არ ჩარიცხვიათ, უპატრონოდ არიან, ღია ცისქვეშ არიან და მერმა 8407 ბავშვს, როლებიც სასკოლო პროცესის დროს შიმშილობენ, უარი უთხრა და ბიუჯეტში ასახვა და კი არა, პასუხის გაცემაც არ იკადრა მათთვის. ეს არის ჩვეულებრივად ადამიანების ძარცვა და 2024 წლის წინასაარჩევნოდ მოსამზადებელი ბიუჯეტი, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.