საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა - ნავალნის მხარდამჭერი ბიზნესმენის ადვოკატი

22.06.21 15:53
საქართველოს ხელისუფლება  რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა - ნავალნის მხარდამჭერი ბიზნესმენის ადვოკატი

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსი ბიზნესმენის საქმის განხილვა დაიწყო. სერგეი ბოკარევი პოლიტიკურად დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ის ღიად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რის გამოც რუსეთში იდევნება.

ბიზნემენი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ქართული მხარე სტატუსს არ მიანიჭებს, მას  რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. 

კონვენციის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანის უფლებები თუ მის ქვეყანაში ირღვევა, მას აქვს უფლება, მიმართოს სხვა ქვეყანას და მოითხოვოს თავშესაფარი. ნავალნი ახლა ციხეშია და შესაბამისად, არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. მასთან ახლო ურთიერთობაში არ ვყოფილვარ, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც მის იდეებს იზიარებს. - აცხადებს სერგეი ბოკარევი.

ბოკარევის ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფომ მათ მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. უფლებადამცველის აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა.

მიგრაციის დეპარტამენტში საქმის წარმოება იყო ყველა სტანდარტზე უფრო დაბალი. იმდენად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური იყო ეს განხილვა, რომ ეჭვი შეგეპარება, ნამდვილად ასეა, თუ არა. 

ეს არის რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც ვლინდება ექსტრადიციის მიმართულებით. ამას არავინ აკეთებს მთელს ცივილიზირებულ სამყაროში. - აცხადებს ბოკარევის ადვოკატი 

სერგეი ბოკარევს ოპოზიციური პარტიები მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს, შეცვალოს შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ბოკარევს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭონ.

ეს არის საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი. რადგან ნავალნის დაკავებისა და მისი მხარდამჭერების დევნა ეს არის საერთაშორისო საკითხი , ამისთვის რუსეთი სანქციებით ისჯება. როცა საქართველო ამ სიტუაციაში არა თავისუფალი სამყაროს, არამედ რუსეთის გვერდითაა, ეს ნიშნავს, რომ კარდინალურად იცვლი ორიენტაციას, შეიძლება, ივანიშვილს ასე უნდა და ასე იქცევა, მაგრამ ქართული საზოგადოება რუსეთის მხარეს ნამდვილად არ არის. - აცხადებს ელენე ხოშტარია, ,,დროას" დამფუძნებელი. 

რუსეთის ფედერაცია უკვე 2 წელია, ითხოვს ბოკარევის ექსტრადირებას. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოის საბოლოოდ, მიენიჭება თუ არა ნავალნის მხარდამჭერ ბიზნესმენს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.