როგორც კი საქმე ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, "ოცნება" მაშინვე იტრუნება - ხაბეიშვილი
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა - ოპოზიცია ხელისუფლებას დუმილის გამო აკრიტიკებს. ენმ-ს თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დასავლელ ლიდერებს მყისიერად ლანძღავს, ხოლო როცა საქმე ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, მაშინვე "იტრუნება".
საზოგადოება ხედავს, რომ პროდასავლელ ლიდერებს მყისიერად ლანძღავენ, ევროკავშირზე თავდასხმა მათი სტილია, ამერიკელებზე თავდასხმას არ ერიდებიან, თუმცა როგორც კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება საქმე, მაშინვე გაიტრუნებიან და ცხადია, არანაირ რეაგირებასაც მათგან არ ველით. თუმცა, იმასააც კარგად ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც იწვევს ამ ადამიანებში პროტესტს ის, რასაც რუსული რეჟიმი აკეთებს, - ამბობს ხაბეიშვილი.
ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი 26-მა დაუჭირა.
ახლა ყველა დეპუტატი პარლამენტშია, შენობის გარეთ კი დიდი ვნებათღელვაა. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. ე.წ . ოპოზიცია და ხალხი ამბობს, რომ აგარაკების დათმობას არ აპირებენ.