რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა "ქართული ოცნების" ანტიპრაგმატული პოლიტიკის შედეგია - გახარია
"რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა "ქართული ოცნების" ანტიპრაგმატული პოლიტიკის შედეგია", - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა.
მისი თქმით, "რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ".
"ქართული ოცნების" ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და მას კურორტი ბიჭვინთა გადასცა - სრულიად უგულებელყო ქართველი და აფხაზი ხალხის ნება. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა", - წერს გახარია.