ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე "შეთანხმება" იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია - საგარეო

27.12.23 14:25
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე "შეთანხმება" იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია - საგარეო

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ირწმუნება, რომ ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

განცხადების თანახმად, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების "რატიფიცირება" ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.