ხმაური ურბანული კომისიის სხდომაზე - ოპოზიცია ცდილობს, "ოცნება" დაარწმუნოს, რომ ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქი არ აუნთოს

28.12.23 11:26
ხმაური ურბანული კომისიის სხდომაზე - ოპოზიცია ცდილობს, "ოცნება" დაარწმუნოს, რომ ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქი არ აუნთოს

დილიდან ხმაურის და მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობს ურბანული კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში - "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, ახალ წლამდე ყველა სადაო პროექტს მწვანე შუქი აუნთოს, ოპოზიცია კი ცდილობს "ოცნება" დაარწმუნოს, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა საფრთხის შემცველია.

ივანიშვილის მიერ გაყიდული ტერიტორია მდინარე ვერესთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც ურბანისტები ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქალაქის შუაგული დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ცათამბჯენების პროექტის დამტკიცება წარუშლელ კვალს დატოვებს დედაქალაქზე. "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, თბილისის საკრებულო მხარს დაუჭერს ქალაქის ცენტრში 52-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას, რადგან "მითითება თბილისის მერიიდან მოდის".

კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით ამ შენობის მშენებლობა იქნება უდიდესი დარტყმა ამ ქალაქისთვის. ბევრი უბედურება ახსოვს ამ ქალაქს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში განხორციელებულა. სრული კატასტროფა, მართლა. ურბანული გენოციდის ძაან მკაფიო და ნათელი მაგალითი. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მოხდება აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი და მათ ადგილს დაიკავებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები. ასეთ შემთხვევაში, ქალაქის საზღვრებში მდინარე ვერეს ხეობის ძირის უძლიერესი წყალმომარაგებისგან დაცვის პრობლემა გადაუჭრელი დარჩება. ეს არის სენის კვლევა, ძალიან მაღალი სანდოობის და რეპუტაციის მქონე გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, რომელიც ჩატარებული არის 2019 წელს", - აღნიშნა ბუაძემ.

დღეს კომისია ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე 52-სართულიანი ცათამბჯენების აშენებას განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობა დაჩქარებული წესით ცდილობს, პროექტის პირველივე სხდომაზე დამტკიცებას.