ცათამბჯენების პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულო ზუსტად ერთ საათში დაიწყებს ცათამბჯენების სადაო პროექტის განხილვას - საკითხი ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაურის ფონზე დაამტკიცეს. "ოცნება" დაჩქარებულ ვადებში, ახალ წლამდე აპირებს ქალაქისთვის საფრთხისშემცველ მშენებლობას.
ოპოზიცია პოლიტიკური არგუმენტებით, არქიტექტორები კი პროფესიული რჩევებით ცდილობენ, "ოცნებისთვის" აზრი შეეცვალათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონაა, სადაც შენობების აგება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
ხმაურიან სხდომაზე უმრავლესობას ეუბნებოდნენ, რომ ბეტონის ჟირაფების პროექტი ისტორიულ არქიტექტორულ კვლევას ეწინააღმდეგება და თუ ლაგუნაზე 52-სართულიან შენობას ააგებენ, ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.
თქვენ ხართ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილებაც პირდაპირ აისახება ქალაქზე და ხშირ შემთხვევაში, ნეგატიური კონტექსტით. ამიტომ, თუნდაც ერთი, ან თუნდაც სამი არგუმენტი იმისა, რომ ეს პროექტი არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. არავის არ ემახსოვრება, ამ პროექტის ავტორი ვინ არის. არცერთი ოდიოზური პროექტის მთავარი არქიტექტორის ავტორი საზოგადოებამ არ იცის. უბრალოდ იცის პერიოდი, ვის დროს მიიღეს გადაწყვეტილება და თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი დაერქმევა იმ პროექტებს, რომელი პროექტებიც ავნებს ქალაქს. ამაზე იფიქრეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება - აცხადებს ცირა ელისაშვილი.