"უზრდელი ხარ, ეტყობა მაგრად მოგხვდა" - ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში
ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს სხდომა თბილისის საკრებულოში - ოპოზიცია "ოცნების" უმრავლესობას ურბანულ გენოციდში ადანაშაულებს და კორუფციულ ინტერესებში ამხელს.
ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ.
უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! რა უბედურებაა, ასე როგორ შეიძლება მოქცევა, ლაპარაკს არ მაცდი... “, - მიმართა სოხაძემ ლიპარტელიანს.
ლილე ლიპარტელიანს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემაც.
ეტყობა „ათიანში“ გხვდება ასეთი აღელვებული რომ ხარ, ზრდილობაზე რომ არაფერი ვთქვათ. რა დღეში ხარ, სახეს ნუ დაკარგავ!“ - განაცხადა ტყემალაძემ.
უკვე საათზე მეტია საკრებულო 52-სართულიანი ბეტონის ცათამბჯენების მშენებლობისთვის მწვანე შუქის ანთებას ცდილობს, თუმცა კახი კალაძის თანამოაზრეებს მძიმე არგუმენტების მოსმენაც უწევთ. ის, რაც ლაგუნაზეა დაგეგმილი, "ოცნებისთვის" ქალაქის ახალი სავიზიტო ბარათია, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს არის დანაშაული და გზა ახალი ტრაგედიისკენ.