ვინ როგორ გაიგო ამერიკის ელჩის განცხადება - ოპოზიციისა და ხელისუფლების შეფასებები

22.06.21 17:49
ვინ როგორ გაიგო ამერიკის ელჩის განცხადება - ოპოზიციისა  და ხელისუფლების შეფასებები

ვინ როგორ გაიგო კელი დეგნანის  გზავნილი და ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება, ოპოზიციასა და ხელისუფლებაში აზრი იყოფა. 

,,ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში და ობიექტურად ჩატარდება. მმართველმა პარტიამ ამერიკის ელჩის გზავნილი მათი პოზიციების დადასტურებად მიიღო. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დეგნანის განცხადების ადრესატი ოპოზიციაა.

,,ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური, აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ელჩის განცხადება მმართველი პარტიის მხარდაჭერაა.

აშშ-თვის საქართველო კვლავ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და დეგნანის განცხადება ამით არის განპირობებული. ჩვენ ყველა აუცილებელ ნაბიჯს ვდგამთ, იმისთვის, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

,,ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ბექა დავითულიანი, ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერ პარტიებს შორის  სრული შეთანხმება მოხდა.

მიშელის დოკუმენტის ნაწილში სრული შეთანხმება მოხდა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმ პარტიებს შორის, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მათ შორის, ვენეციის კომისისი ზოგიერთი რეკომენდაციის გარშემოც მიღწეული იქნა კომპრომისი. - თქვა ბექა დავითულიანმა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შემთხვევითი არ არის, როცა მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ასეთ განცხადებას ამერიკის ელჩი აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, წინა არჩევნების შემდეგ  საერთაშორისო პარტნიორებს კითხვის ნიშნები დარჩათ შედეგებისა და ხელისუფლების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას, ოპოზიცია იქიდანაც მიხვდება, თუ გაითვალსიწინებს ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. 

,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, თვლის, რომ დეგნანის განცხადება პოლიტიკური ალიყულია, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებას უთავაზეს.

მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტი ჯერ არ არის შესრულებული. პირიქით, სანახევროდაც არ შესრულებულა. ხელისუფლება იწყებს უკვე მისი პუნქტების რევიზიას და დღე არ გავა, რომ საელჩოებმა განცხადებები არ გააკეთონ. ეჭვი ეპარებათ, რომ ,,ქართული ოცნება" მისი შეთანხმების ამ ნაწილს შეასრულებს. დეგნანის განცხადება პოლიტიკური ალიყურია - ამბობს რომან გოცირიძე.

,,ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილის, აზრით,  დეგნანის განცხადება იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნები მაღალი სტანდარტით თუ არ ჩატარდება, დასავლეთი მის შედეგებს არ აღიარებს.

ქალბატონი დეგნანი საუბრობს არა მარტო ამერიკის, არამედ, საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორის სახელით. თუ ადგილობრივი არჩევნები მაღალი სტანდარტით არ ჩატარდება, ამ შემთხვევაში ეს ფაქტი მისაღები არ იქნება დემოკრატიული სამყაროსთვის. - ამბობს ნაცვლიშვილი.

"მოახლოვებული თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს  მშვიდად და პროცესის ნდობა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, განაცხადა.