ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად.
ტენდერის აღწერაში წერია, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“.
მსგავსი სახის მომსახურებისთვის უწყებას აქამდეც, 2022-შიც დაუქირავებია კონსულტანტები. ამჟამად მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა რამდენჯერმე გადავადდა.