შავი დღე ქალაქის ისტორიაში, კალაძემ ივანიშვილის დავალება შეასრულა - ოპოზიცია
"შავი დღე თბილისის ისტორიაში"- ასე აფასებს ოპოზიცია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა.
ხელისუფლების ოპონენტები სავარაუდო კორუფციულ სქემებზე საუბრობენ და დედაქალაქის მერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ.
ეს არის მართლაც შავი დღე ჩვენი ქალაქის ისტორიაში, როდესაც თბილისის ისტორიულ ნაწილში მოხდა ამ სავალალო პროექტის დამტკიცება, რომელსაც თან ახლავს უდიდესი რისკები უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. ყველა არგუმენტის მიუხედავად იქნა ეს პროექტი დამტკიცებული, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიული და კორუფციული ინტერესი არის უპირატესი ამ ხელისუფლებისთვის - ამბობს “ლელოს” წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე.
თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა გოგოლაძე ყურადღებას იმ შეურაცხყმყიფელ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც დედაქალაქის მერი იმ ექსპერტების მისამართით აჟღერებდა, რომლებიც ცათამბჯენების პროექტის დამტკიცებას საფრთხის შემცვლელად მიიჩნევდა.
არამხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან მძიმე შენიშვნები გამოთქმული, არამედ ექსპერტების მხრიდან, მაგრამ არცერთი შენიშვნის გათვალისწინება არ მომხდარა მმართველი გუნდის მიერ, მეტიც, კალაძემ ამ ექსპერტებს პარტიული აქტივი უწოდა და შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ბიძინა ივანიშვილის დავალება ჰქონდა შესასრულებელი" - თქვა ანა გოგოლაძემ.
პარტია ანა დოლიძე ხალხისთვის წევრი, ნინო წულაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ქალაქის მთავარი კვანძის აოხრების გეგმას მოაწერა ხელი:
დღეს მმართველმა პარტიამ ქალაქის მთავარი კვანძის აოხრების გეგმას მოაწერა ხელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულება კალაძის და მისი თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციული სქემით გამდიდრების მორიგი მცდელობა, რაც სამწუხაროდ გადის თბილისის ურბანულ, სატრანსპორტო უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ადრე თუ გვიან ეს ქალაქისთვის სავალალო რეალობას შექმნის "- ამბობს ნინო წულაძე