დავით გარეჯის საკითხი კვლავ გააქტიურდა - რას აანონსებს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში პირობას დებს, რომ მომავალი წელი დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რამდენიმე საათიანი საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ ეს განცხადება ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
პატარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო კომუნიკაცია არსებობს თუმცა, რა მიმართულებით და რა პირობებით თანხმდებიან ორი ქვეყნის ლიდერები, ამას ელჩი საჯაროდ არ ამბობს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, იმგვარად, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ ქვეყანას. აუცილებლად იქნება შედეგი. ძალიან გთხოვთ, ნუ დავასწრებთ შედეგებს, გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ.
დღეს, როგორც არასდროს, მაღალი დონის დიალოგია ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ჭრილში, დღეს ჩვენი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია. თქვენ მომსწრე ხართ შარშან, შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები მათ შორის, სამთავრობოთშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში, გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში გვექნება საშუალება, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგები,“ - განაცხადა პატარაძემ.