"გარეჯი საქართველოა ნამდვილად, გიდასტურებთ" - რაზე ისაუბრეს დეპუტატებმა საქართველოს ელჩებთან
დეპუტატების შეხვედრა საქართველოს ელჩებთან - პარლამენტში თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველოს ელჩებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პოლიტიკოსების თქმით, 2024 წელს ყველა ის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან აქვს.
საზღვრის, დაახლოებით, 70 პროცენტი არის შეთანხმებული, მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენი 30 პროცენტის შეთანხმებაზე, თუმცა დელიმიტაციის პროცესი არის ასეთი, რომ სანამ ასივე პროცენტი არ შეთანხმდება, მანამდე დელიმიტაციის ხელშეკრულებას ხელი არ ეწერება.
შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პროგრესი, მივდივართ ნელ-ნელა წინ. ვერ ვიტყვი, როდის შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, თუმცა გვაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რა ურთიერთობებიც დღეს ჩვენ გვაქვს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან დამყარებული,“ - განაცხადა ნიკა სამხარაძემ.
ირაკლი ზარქუას თქმით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გარეჯის საკითხზე გრძელდება.
გარეჯი საქართველოა ნამდვილად, გიდასტურებთ და ამასთან დაკავშირებით, რაც იყო წინა რეჟიმის დროს დაშვებული, მიდის ამის გამოსწორება. იქმნება შესაბამისი კომისიები, მუშაობა დღემდე გრძელდება და როდესაც იქნება შედეგი, ამას თქვენც გაიგებთ, ისევე, როგორც კანდიდატის სტატუსი გაიგო მთელმა საქართველომ, მათ შორის ოპოზიციამაც,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
როგორც რამაზ ნიკოლაიშვილი ამბობს, საზღვრის პრობლემების მოგვარება იქნება 2024 წლის მთავარი გამოწვევა.
ჩვენ გვესმის, რომ აზერბაიჯანში პირველად ჩატარდება არჩევნები, კი არის რიგგარეშე, მაგრამ გაერთიანებულ ტერიტორიაზე, ამაზე ვისაუბრეთ.
ჩვენ მივიღეთ პირობა იმის, რომ ეს მუშაობა გრძელდება, საელჩოც ჩართულია და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ლიდერი ამ ნაწილში და გვაქვს პირობა, რომ რაღაცნაირად ეს საკითხი გადაწყდება, იმიტომ, რომ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი პრობლემები. საზღვრის პრობლემები სამივე ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ - რომელსაც ვესაზღვრებით.
ამ ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი სამშვიდობოების აქტუალობასაც კარგავს და უნდა გავიდეს (მთიანი ყარაბაღი), იმიტომ, რომ გაერთიანდა აზერბაიჯანი, ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, რუსეთის ჯარის იქ ყოფნას ისედაც აზრი ეკარგება,“ - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.