გაიმაგრეთ ნერვები, მოიმარჯვეთ ღირსება, რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ მხილებები - პაატა მანჯგალაძე ზარქუას

22.06.21 19:49
გაიმაგრეთ ნერვები, მოიმარჯვეთ ღირსება, რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ  მხილებები - პაატა მანჯგალაძე ზარქუას

,,სტარტეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტში დღეს გამართულ დებატებს ეხმიანება, რომლის დროსაც პენსიონერთა სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთზე დებატები გაიმართა. პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების" წევრს, ირაკლი ზარქუას, არგუმენტირებული პასუხი არ გააჩნია და პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადის.

“ქართული ოცნების” ზოგიერთი დეპუტატი პოლიტიკურ ეშხში შევიდა და პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, როცა არგუმენტირებული პასუხი არ გააჩნიათ იმ დასაბუთებულ კორუფციულ ფაქტებზე და სხვა სამართლიან მხილებებზე, რასაც “სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველდღიურად აჟღერებს სხვადასხვა ტრიბუნიდან.

ამ მხრივ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაგალითია ირაკლი ზარქუა, რომელსაც არანაირი პასუხი არ ჰქონდა და დღესაც არ აქვს იმაზე, თუ რატომ იხდიან ჩვენი პენსიონერები  სესხში 36%-ს და რატომ აქვს “ლიბერთი ბანკს” მათი ექსკლუზიური ძარცვის უფლება, უფრო მეტიც, როგორ მოხდა, რომ გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სწორედ ირაკლი ზარქუამ და “ქართული ოცნების” სხვა წევრებმა გაახანგრძლივეს ,,ლიბერთის" ეს მონოპოლია, როცა მხარი არ დაუჭირეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივას პენსიონერების ძარცვის დასრულებაზე - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
 

,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი ურჩევს ,,ოცნებას", დაიწყნაროს ნერვები და კრიტიკა მშვიდად მიიღოს.

ჩვენ მათ ვერ ავყვებით პერსონალურ შეურაცხყოფებში და ტალახის სროლაში, მაშინ ნამდვილად წაიშლება ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ერთი რაც შემიძლია, ვურჩიო, გაიმაგრეთ ნერვები, მოიმარჯვეთ ღირსება, რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ ის მხილებები, რასაც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი არ მოგაკლებთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ დროში” - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

პარლამენტში დღეს ერთმანეთს ოპოზიცია და მმართველი პარტია სოციალურ თემაზეც დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ პენსიონერები კაბალურ პირობებში არიან და 36%-იანი საპენსიო კრედიტი მათ რთულ  ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

მსგავსი სიახლეები