როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვანია ერთობის დემონსტრირება - ომბუდსმენი

29.12.23 21:24
როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვანია ერთობის დემონსტრირება - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "პოლიტიკური ამბების" ეთერიდან მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპაციაა, რომლის წინააღმდეგაც მნიშვნელოვანია მთავრობამ და მათმა მოწინააღმდეგეებმა "ერთობის დემონსტრირება" მოახდინონ.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარება მოკლე ვადაში შეუძლებელია, თუმცა ხელისუფლებაში მყოფი პირებისა და ოპოზიციის გაერთიანებით გარკვეული ბარიერების გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოფხვრა დასაშვებია.

ოკუპაციის პრობლემების მოგვარება რომელიმე ხელისუფლებას რომ შესძლებოდა, ბუნებრივია, მოაგვარებდა. ეს არის ძალიან რთული პრობლემა, რომლის მოგვარებაც ასე მარტივად ვერ მოხდება. რატომ ვასახელებ მე ამ თემას, იმიტომ რომ არის საკითხები, რაზეც უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც მიხვდებიან, რომ არის თემები, რაზეც დღეს უნდა შეთანხმდნენ და პირველ რიგში, ეს არის თემა, რომელიც ეხება ოკუპაციას. იცით რა არის, არ შეიძლება ყველაფერზე ერთმანეთი აკრიტიკო, ყველა საკითხზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა. მნიშვნელოვანია ერთობის დემონსტრირება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა ომბუდსმენმა.