"ოცნება" ყრილობისთვის ემზადება - გამოჩნდება თუ არა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული პარტიის შეკრებაზე

30.12.23 11:01
"ოცნება" ყრილობისთვის ემზადება - გამოჩნდება თუ არა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული პარტიის შეკრებაზე

ზუსტად სამ საათში გახდება ცნობილი რისთვის იკრიბება "ქართული ოცნება". სახელისუფლებო პარტია ყრილობისთვის ემზადება.  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ასობით მხარდამჭერთან ერთად მხოლოდ პოლიტიკური საბჭოს განაწესი უნდა შეცვალონ, ეკა ტიკარაძე და კახა კუჭავა გაუშვან და პარტიის  გადაწყვეტილების მიმღები ბირთვი ხელახლა დააკომპლექტონ.

სასტუმრო "თბილისი პარაგრაფთან" დილიდან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ახლა ყველაზე საინტერესოა გამოჩნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული პარტიის შეკრებაზე, რადგან ბოლო პერიოდში "ოცნებაში" ოლიგარქის სახელს ყველაზე ხშირად ახსენებენ. 

ყრილობაზე მისული მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ყველაფერი ყრილობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"რატო უნდა დაესწროს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყრილობას", დასრულდება ყრილობა და ყველაფერს გაიგებთ. წინასწარ, რატომ ნერვიულობთ?"- ამბობს "პირველებთან" ირმა ზავრადაშვილი.