თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? - კალაძე

30.12.23 16:10
თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? - კალაძე

კითხვას, ადასტურებს თუ არა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალურ მმართველობას ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მას „ქართული ოცნების“ ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა - პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით: თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? თუ ქვეყანას გარედან მართავდა, მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებდა ამას, როგორც თქვენ ამბობთ. მაშინ რატომ დაბრუნდებოდა?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში და ნამდვილად შეუძლია მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია.

„წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა მიხვდება, რა სირთულეები გავიარეთ, რამხელა შემოტევები იყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, არ მალავდნენ, რისი სურვილი ჰქონდათ საქართველოში. ჩვენი გუნდი იყო ერთიანი და იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს გამოწვევები დღესაც არსებობს, შესაბამისად, გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, აქვს დიდი რესურსი, უდიდესი პატივისცემა მოსახლეობის მხრიდან და ნამდვილად შეუძლია, რომ მოახდინოს მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ეს გამოწვევები არსად წასულა, დღესაც არსებობს ამ რთულ მოცემულობაში იმის გათვალისწინებით, რა ხდება რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები