ივანიშვილის ოლიგარქად წოდების რაიმე ნიშანი სახეზე არ გვაქვს - მდინარაძე

30.12.23 16:22
ივანიშვილის ოლიგარქად წოდების რაიმე ნიშანი სახეზე არ გვაქვს - მდინარაძე

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად წოდებას, რაიმე ნიშანი, რაიმე თვისება სახეზე არ გვაქვს - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად აფასებს, ეს არის სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება.

„ჩვენ გვაქვს ორი პარალელური ამბავი: ერთი, ვიღაც აფასებს ოლიგარქად და ეს არის აბსოლუტურად მცდარი, სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის ერთი, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად დისტანცირებული პოლიტიკიდან, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა. დღეს ის არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ის არის საპატიო თავმჯდომარე და ვერვინ შემეკამათება იმაში, რომ ის ამას იმსახურებს. ეს ადამიანი დიდი პლუსია, სიძლიერეა ჩვენი პარტიისთვის.

დანარჩენი, რაც კი შეიძლება ოლიგარქად წოდებას, რაიმე ნიშანი, რაიმე თვისება სჭირდებოდეს, ეს სახეზე არ გვაქვს. ოლიგარქები სხვები არიან რეალურად, რომლებიც მართავენ თქვენს ტელევიზიებს, რომლებიც მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციის შიგნით, მაგრამ ისიც გაუცამტვერდათ, მაგრამ მაინც ეს არის სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. რეალობა დღეს ნახეთ, რაც არის, მათ შორის ჩვენს ყრილობაზე“, - მიმართა ოპოზიციურ მედიას მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები