უნდა ველოდოთ თუ არა შეწყალებას ახალ წლამდე? - პრეზიდენტის პასუხი

31.12.23 19:07
უნდა ველოდოთ თუ არა შეწყალებას ახალ წლამდე? - პრეზიდენტის პასუხი

ურთულესი და ძალიან მტკივნეული განცდებია, ვიღაცას ახარებ და ვიღაცას ვერ, ეს პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა - ასე აღწერს სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების საკითხს, რომელიც თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის დისკრეციაა. 

ვიკა ბუკიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბიშვილი ე.წ. შეწყალების კომისიის გაუქმების მიზეზებზე საუბრობს. 

პირველივე დღეს გადავწყვიტე, რომ (შეწყალების) კომისია არ იქნებოდა. არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ამ მდგომარეობაში ადამიანების ჩაყენება, რომ გაუძლონ ყველაფერს და ეს პასუხისმგებლობა, რომელიც მხოლოდ ჩემი უნდა იყოს, მათ აიღონ და გაინაწილონ რაღაც კუთხით. ყველაფერი რაც გადაწყვეტილა ამ კუთხით, იყო ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა და ასეც იქნება"- ამბობს პრეზიდენტი. 

რაც შეეხება პროცედურებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას საქმეების შესწავლის, ბევრი კითხვის დასმისა და პასუხების მიღების შემდეგ იღებს: 

ჩემთან შემოაქვთ საქმეები, ვიხილავთ, კითხვებს ვსვამ, ვუბრუნდები სხვა კითხვებით და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას, არავის ვურჩევ, რთული გადაწყვეტილებაა ნამდვილად"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალი წლის დადგომადე, შეწყალების აქტს, პრეზიდენტმა მოკლე პასუხი გაგვცა: "ჩემზეა გამოვიყენებ თუ არა შეწყალებას ახალ წლამდე". 

საქართველოს პრეზიდენტის აპარატმა პატიმართა შეწყალების ახალი წესი 2019 წელს შეიმუშავა. 

ახალ წესში აღარსად მოიხსენიება შეწყალების კომისია - შეწყალების საქმეებს განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური ამზადებს. 

განსხვავებული ინტერვიუ პრეზიდენტთან ვრცალდ ნახეთ აქ