ვერ ეღირსებიან, რომ რაიმეზე უკან დავიხიოთ - მამუკა ხაზარაძის საგანგებო განცხადება

23.06.21 11:39
ვერ ეღირსებიან, რომ რაიმეზე უკან დავიხიოთ - მამუკა ხაზარაძის საგანგებო განცხადება

ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეების თაროდან ჩამოღებას და  სასამართლო პროცესების განახლებას მამუკა ხაზარაძე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„ლელოს“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი მის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს, რომლის  მიხედვითაც დეპუტატს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეს. 

ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიზირებული სასამართლო უნდა დასრულდეს და ის ამის მისაღწევად უკან დახევას არ აპირებს. 

ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ და პოლიტიზირებულმა მართლმსაჯულებამ უცბად გაიღვიძა წელიწადნახევრიანი შესვენების მერე, საქმე ეხება ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეს და უცბად ჩანიშნა, 2 ივლისს, ახალი სასამართლო განხილვა. საეჭვო დამთხვევა მოხდა, გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში იმ ჩანაწერის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტარების იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგობრივ კვოტას ეხებოდა, და ჩემი პოზიცია იყო, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, როცა დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. მე ვადასტურებ, რომ იმუნიტეტით არ ვისარგებლებ. როგორც კი ეს განცხადება გავაკეთე, მოკლე ხანში მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სასამართლო, ეს პროკურატურა, პოლიტიზირებული, ერთი კაცის მიერ მართული უნდა დამთავრდეს. ვერ ეღირსებიან, რომ რაიმე მეთოდით და ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმეზე უკან დავიხიოთ. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისათვის, რომ რადიკალურად შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა.  

მსგავსი სიახლეები