ომბუდმსენი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს - სხდომას "ოცნებაც" დაესწრება
მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი, უკანონო მიყურადება, თავდასხმები ჟურნალისტებზე, არაფორმალური გავლენები ციხეებში, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ბავშვების მდგომარეობა პანსიონებში, დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები და სხვა გახმაურებული საქმეები - სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება. დეპუტატები ნინო ლომჯარიას სხდომათა დარბაზში მოუსმენენ. ანგარიშს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვქონდა შეხედულებებთან დაკავშირებით, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებაში და ჩვენ მოვისმენთ მის ანგარიშს და იმის და მიხედვით თუ როგორ წარიმართება კონსულტაციები ადამიანის უფლებთა კომიტეტში მათ შორის და შემდეგ უკვე უმრავლესობაში, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და იმის და მიხედვით რაღაცას გავითვალისწინებთ და რაღაცა იქნება ისეთი, რაზეც ჩვენც გვექნება კითხვები და იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით, - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიცია, რომელმაც ომბუდსმენის ანგარიში უკვე მოისმინა, ამბობს, რომ ის საკმაოდ მწვავეა და ახლა მათი მისიაა, რომ ეს რეკომენდაციები ხელისუფლების მხრიდან იქნეს გათვალისწინებული.
ომბუდსმენმა კრიტიკული დასკვნა პარლამენტის წევრებს საკომიტეტო ფორმატში უკვე გააცნო, თუმცა გასულ კვირას გამართულ მოსმენას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 2 დეპუტატი ესწრებოდა.