მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება - კობახიძე
"ქართულმა ოცნებამ" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა, გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიღებული ცვლილებები სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შინაარსის გარშემო. მოლაპარაკების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები, რომ შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოში შერჩევის პროცესი, გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, დამატებით კანდიდატებს მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა პროცესი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი აპრილში სამი მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას.ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა. ხელისუფლებამ თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესით განწესებისგან.
ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განწესების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.