"ოცნება" სამუშაო ჯგუფს არ ქმნის - ოპოზიცია ლუსტრაციაზე საუბრობს
"ქართული ოცნება" პრემიერის სამოქმედო გეგმას ცვლის - 9 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები, სავარაუდოდ, აღარ შეიქმნება. არადა ოპოზიციასთან ერთად ჯგუფების შექმნა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა და ეს პირობა ევროკავშირსაც მისცა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფების შექმნა იქიდან გამომდინარე არ სურთ, რომ სწორედ ასეთი საშუალებით გამოჩნდება ხელისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობა.
პარლამენტარი, თეონა აქუბარდია პირდაპირ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ჯოხს ოპოზიციაზე ვეღარ გადატეხს, რადგან ხელისუფლების ოპონენტებმა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დიდი მზაობა არაერთხელ დააფიქსირეს.
არ გამკვირვებია მე განცხადება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ პანაცეა არ არის სამუშაო ჯგუფები, რადგან მოცემულობაში ისინი ამ სურათსაც აღარ შექმნიან. ისინი ვეღარ აბრალებენ ოპოზიციას პროცესთან დაკავშირებით, რადგან ოპოზიციის ჩართულობაზე განაცხადი უკვე გაკეთდა, ამიტომ არ ველოდები, რომ გარკვეულ განცდას მაინც შექმნიან, რომ რაღაცას აკეთებენ, რადგან მთელი ეს საარჩევნო წელი ძირითადად აგებული იქნება დაპირისპირებაზე და არა თანამშრომლობაზე", - აღნიშნა აქუბარდიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" წარსულში მძიმე გამოცდილება აქვს, როცა მათი ლუსტრაცია მოხდა, ამიტომ უარს ამბობს სამუსაო ჯგუფის შექმნაზე.
ერთხელ უკვე მოხდა მათი ლუსტრაცია, როცა შექმნეს სამუშაო ჯგუფი. არანაირი შედეგი იმ სამუშაო ჯგუფში არ დადებულა. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჰქონდა იქ მყოფ ოპოზიციას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ განუხილიათ. ახლა ისევ ხელახლა იმავეს გამეორე უკვე ნაცადი ხერხია და ახლა ცდილობენ, დრო გაწელონ საკომიტეტო განხილვების დროს. კომიტეტზე უკეთესია მათი წარმოდგენით. იქ კონკრეტული ვადები არ იქნება განსაზღვრული, რა სამუშაო ჯგუფია, როდის იკრიბება, რას აკეთებს და დროის გასაწელად ეს ფორმატი ურჩევნიათ. ჩვენ არ ვაპირებთ ყურადღების მოდუნებას", - ამბობს მანჯგალაძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარი ინიციატივების წარსადგენად კომიტეტის სხდომებს გამოიყენებენ.
ვინაიდან იყო მათი მხრიდან დათქმა, რომ შექმნიდნენ სამუშაო ჯგუფებს, ჩვენ სამუშაო ჯგუფებში ჩვენ ხედვას წარვადგენდით ყველა იმ მნიშვნელოვან პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის გზაზე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა, როგორც ახასიათებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", მათ ამჯერადაც მოგვატყუეს, გადაგვაგდეს და ეს არის მათი დამოკიდებულება. მათ არ უნდათ არც სამართლიანი სასამართლო, არც თავისუფალი, მიუკერძოებელი საგამოძიებო სისტემა და ცხადია, არ აპირებენ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, თუმცა ქართველი ხალხის ნება განსაზღვრას იმ დღის წესრიგს, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გზაზე", - აცხადებს ფარულავა.