არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის არგაღიზიანების სტრატეგიას შეცვლის - ბოკერია გახელაძეების პროტესტს შეუერთდა
,,ევროპული საქართველოს" ლიდერს არ აქვს ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას შეცვლის, ამიტომაც იმყოფებიან ლიდერები ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რომ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოხდეს.
გვესმის, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია პუტინის რუსეთი. ის იტაცებს და კლავს ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ოთხოზორიას, ტატუნაშვილს და სხვებს. ის აგრესორია და ყველას გვესმის. მაგრამ მთავრობა იმისთვის გააჩნია ქვეყანას, როცა მტერი ჰყავს, იმოქმედოს იმ მექანიზმებით, რაც გააჩნია.
ამ წლების განმავლობაში ვხედავთ ან ფეხებზე დაკიდებას, ან ნელთბილ დამოკიდებულებას. არანაირი თანმიმდევრული პოლიტიკა. ამის ნათელი მაგალითია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, როგორ დაიკიდეს ფეხებზე, არანაირი საერთაშორისო წნეხი არ გამოიყენეს.
თუ ასეთი მძიმე მდგომარეობა გაქვს, როცა ოკუპანტებს შენს ტერიტორიაზე აკავებ, არ უნდა გაუშვა. უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენი თანამემამულე გაცვალო.
ამ ყველაფერმა და გახელაძეების ოჯახის მოწოდებამ, რომ მოატყუეს, გამოიწვია ჩვენი რეაქციაც. აქ ვართ, რომ პოლიტიკური ფასი ესმოდეს, ვინც ჯერჯერობით მთავრობაშია. არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიას შეცვლის - აცხადებს გიგა ბოკერია.
ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობას ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ, რათა მოხდეს ზაზა გახელაძის გათავისუფლება, რომელიც ცხინვალის რეჟიმმმა უკანონოდ გაიტაცა და ციხეში ჩასვა.