ყაველაშვილს, 2023 წელს ხელფასი არ აუღია და საბანკო ვალი აქვს - რა წერია დეკლარაციაში

04.01.24 18:14
ყაველაშვილს, 2023 წელს ხელფასი არ აუღია და საბანკო ვალი აქვს - რა წერია დეკლარაციაში

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის და “რუსული კანონის” ავტორის, მიხეილ ყაველაშვილის 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს გასულ წელს ხელფასი არ აუღია.

2023 წლის 28 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში თითქმის ყველა გვერდი ცარიელია.

დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ყაველაშვილს საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ანგარიშებზე ჯამში  1200-მდე ლარი და დაახლოებით 205 ევრო აქვს, მის ცოლს, თამარ ბაგრატიონს კი დაახლოებით 650 ლარი, 155 ევრო და 27 დოლარი. ამასთან, ყაველაშვილს საბანკო დავალიანება აქვს 57 ათას ლარამდე საბანკო დავალიანება აქვს:

ერთი წლით ადრე შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, 88 კვადრატული მეტრი ფართობის, 22 000 დოლარად შეფასებულ ავტოფარეხს ფლობდა. რაც შეეხება ხელფასს, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში, ყაველაშვილს, რატომღაც 2021 წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურება აქვს მითითებული – 53 449,92 ლარი. სხვა მონაცემები ყაველაშვილს არც ამ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

ყაველაშვილი არ არის ერთადერთი დეპუტატი, რომელიც დეკლარაციას არასწორად ავსებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2022 წელს პარლამენტის წევრთა 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეასვო. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციებს არასრულად ავსებს.

მსგავსი სიახლეები